მსოფლიო ვალების კრიზისშია – ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას სპეციალისტები. ამერიკას დიდი პრობლემები აქვს, ევროპის ქვეყნებს კი დიდი შანსი, რომ საბერძნეთის დღეში აღმოჩნდნენ. მთავრობები სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ცდილობენ, ხოლო რიგით მოქალაქეებს ქამრების სულ უფრო შემოჭერა უწევთ. იკლებს ნდობა დოლარისა და ევროს მიმართ, რაც სავალუტო კრიზისის რისკებს ზრდის.
საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაო მიგრანტია და შემოსავლისთვის უმეტესად ამერიკასა და ევროზონის ქვეყნებშია გადახვეწილი. მოსახლეობის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს. ქვეყანაში ასევე მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი, იმპორტირებულ საქონელს შიდა ბაზრის უმეტესი წილი უჭირავს, ამიტომ თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვალის ორმოში აღმოჩნდებიან, კრიზისი გვერდით არც ჩვენ ჩაგვივლის.
ნოდარ ხადური (ექსპერტი მაკროეკონომიკურ საკითხებში): “დღეს მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე სანდო ეკონომიკების პრესტიჟი და მათდამი ნდობა ძალიან არის შერყეული. საერთოდ, ადამიანიცა და სახელმწიფოც საკუთარი შემოსავლის შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს წესი ხშირად ირღვევა და ცხოვრობენ მომავლის ხარჯზე, ანუ კრედიტს იღებენ. თუ სესხი შემოსავალთან შედარებით მცირეა, ეს არ არის საშიში, მაგრამ თუ ამ კრედიტის მოცულობა დიდია და ყოველთვიურად შემოსავალზე მეტია გადასახდელი, ოჯახიც, კომპანიაცა და სახელმწიფოც გადახდისუუნარო ხდებიან.
ოჯახი თუ ვალის გადახდაზე უარს იტყვის, ამით ეკონომიკაში არაფერი იცვლება, ამოქმედდება იძულების მექანიზმები. მაგრამ გაურკვეველ ვითარებაში ისეთი ფინანსური გიგანტი აღმოჩნდა, როგორიც აშშ-ია. ამერიკას ყოველთვიურად $125 მილიარდით იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე “შოულობს”.
იმავდროულად, ქვეყანა იღებს ახალ კრედიტებს, აბრუნებს ძველებს და ა.შ. მაგრამ ოჯახისგან განსხვავებით, სახელმწიფოებს ვალის მაქსიმალური ზღვარი აქვთ. მაგალითად `ეკონომიკური თავისუფლების აქტის~ თანახმად, საქართველოს ვალი არ უნდა იყოს მთლიან შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტი. აშშ სესხს იღებს უკვე 200 წელიწადია და მისი ვალი უკვე მშპ-ზე მეტია. თუ ამერიკა ამ ვალს არ გაისტუმრებს, ეს ნიშნავს მისი ეკონომიკის მიმართ ნდობის დაკარგვას. მსოფლიოში ყველა ფასიანი ქაღალდის სანდოობა ამერიკული ფასიანი ქაღალდების მიმართ იზომება. აშშ ფულის სასესხებლად რომელიმე სახელმწიფოსთან არ მიდის, ის უშვებს ობლიგაციებს ან სახაზინო ვალდებულებებს. ჯერ არ მომხდარა, აშშ ამ ფასიან ქაღალდებს ვერ მომსახურებოდა, მაგრამ თუ კონგრესი ვალის ზედა ზღვარის აწევას არ გადაწყვეტდა, ეს საფრთხე რეალური იყო.
ამერიკის ეკონომიკა არის მსოფლიოს ეკონომიკის დიდი ნაწილი და მისი ვალუტა არაოფიციალურად მსოფლიო ვალუტაა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქვეყნები ამ ვალუტის მიღებაზე უარს არ ამბობენ. ვენესუელაც, აშშ-ის დაუძინებელი მტერი, ნავთობს დოლარებში ყიდის; უამრავი ქვეყნის სავალუტო რეზერვები შედგენილია დოლარებში. მცდელობამ, დოლარს ჩანაცვლებოდა ევრო, შედეგი ვერ გამოიღო. როცა ქვეყანა ვალს ვერ იხდის, ამას დეფოლტი ჰქვია. 13 წლის წინ დეფოლტი ჰქონდა რუსეთს. 1998 წლის აგვისტოში რუსეთმა უარი განაცხადა სახაზინო ვალდებულებების მომსახურებაზე. მაშინ რუსეთში გაცვლითი კურსი მკვეთრად, დაახლოებით სამჯერ დაეცა. ამან მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, მათ შორის საქართველოშიც. ეს ის დროა, როცა ერგნეთის ბაზრობა გაჩნდა. მის გახსნას ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა. საქართველოდან რუსეთში შესული პროდუქცია ოთხჯერ-ხუთჯერ მაინც გაძვირდა, რამაც ექსპორტს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი ძალიან გაიაფდა. იყო დრო, ტომარა ფქვილი ერგნეთში 3-7 ლარი ღირდა. ამან, ცხადია, პრობლემები შეუქმნა საქართველოში ხორბლის, ფქვილის წარმოებას.
-ფიქრობთ, აშშ-მა შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს?
-დარწმუნებით გეტყვით, რომ ამერიკა დეფოლტს არასდროს გამოაცხადებს, ეს სავალუტო ბაზრებზე დიდ პრობლემებს შექმნის. მაგრამ ვალებს ვერ გადაიხდის, დააგროვებს… წარმოუდგენელია, ახლა აშშ-მა $14 ტრილიონი ვალი გადაიხადოს. ამერიკა აშენებს პირამიდას, თუმცა დანარჩენებისგან განსხვავებით, აქვს მანქანა, რომელიც დოლარს ბეჭდავს. მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის უკან ამ ქვეყნის ეკონომიკა დგას, ხოლო ამერიკული დოლარის უკან მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დგას. ცნობილ მეცნიერს, მაკროეკონომისტ ოლივიე ბლანშარის თქმით, მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია კუპიურების სახით, აქედან აშშ-ში მხოლოდ 150 მილიარდია. ანუ ფული, რომელსაც ამერიკა ბეჭდავს, არ გროვდება ამ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გაიწოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო დენთის კასრზე ზის.
ბოლო ოცი წელიწადია, ევროპა ერთიან სავალუტო პირობებში ცხოვრობს და სცადა, დოლარის ეკონომიკური საპირწონე ევრო გამხდარიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას და კიდევ სხვებს დღეს სახელმწიფო ვალის პრობლემა აქვთ.
მგონია, რომ ჩვენ 2008 წლის კრიზისიდან ჯერ არ გამოვსულვართ. ეკონომიკა ვითარდება დიდი ჭ-ს პრინციპით, დაცემა და აღმასვლა ერთმანეთს ენაცვლება. კომერციული ბანკებისთვის დამოუკიდებლად თავის გადარჩენა ძალიან ძნელია. საჭიროა ისეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმართვა, რომელიც მათ კაპიტალსა და კრედიტებს დაიცავს. ახლა აშშ-ში, მაგალითად, მერილენდში საცხოვრებელი სახლები $10-20 ათასი ღირს, ავტომობილზე იაფია. იმიტომ რომ ბანკებში ეს სახლები უზრუნველყოფის სახით იყო ჩადებული და ახლა იძულებული არიან, სესხის გასასტუმრებლად იაფად გაყიდონ.
– თუ აშშ-ის ეკონომიკის უკან მსოფლიოს ეკონომიკები დგას, ეს პროცესები არ გავრცელდება სხვა ქვეყნებზე? თბილისში კი ახლა $10 ათასად გირაოთი ვერ იშოვი ბინას.
– იგივე ხდება ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ბულგარეთში, ზღვის პირას სულ რაღაც 20 ათას ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ მშვენიერი ვილა… ამგვარი პროცესები გამოიწვევს კაპიტალის შედინებას ამერიკაში და სხვა ქვეყნების ხარჯზე ამერიკული პრობლემების მოგვარებას. რადგან ის, რაც დღეს ამერიკაში ღირს $10-20 ათასი, ხვალ $200-$300 ათასი ეღირება. მთელი მსოფლიოდან წავა ინვესტირება ამერიკის ეკონომიკაში.
– ეს პროცესები საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება?
-საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა და ყველა გლობალური პროცესი ჩვენზე არ აისახება, მაგრამ ზოგიერთი მოვლენა აუცილებლად მოახდენს გავლენას. მაგალითად, კრიზისი აუცილებლად შეამცირებს ნავთობის ფასებს, რაც საქართველოში ფასების ერთგვარ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, თუ კაპიტალი წავა შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც და საქართველოშიც ნაკლები ფული დარჩება. შემცირდება ინვესტირებისთვის საჭირო ფული. ამბობენ, რომ წლეულს ეკონომიკის ზრდა 6% იქნება, მაგრამ რის ხარჯზე, გასარკვევია. კრიზისი ნიშნავს, რომ მოხმარება მცირდება, რაც საქართველოდან ექსპორტის შემცირებას ნიშნავს. ჩვენი ძირითადი პარტნიორები ევროკავშირიდან არიან ბულგარეთი და გერმანია, თუ მათ აღარ მიიღეს საქონელი, ეს დაარტყამს მწარმოებლებს საქართველოში. კრიზისი გადამდებია და ის დომინოს პრინციპით მოქმედებს.
– შევინახოთ თუ არა დანაზოგი დოლარში?
– რა ალტერნატივა აქვს ქართველ მომხმარებელს ფულის შესანახად?
– ძვირფასი ლითონები, უძრავი ქონება…
– არ არის უძრავი ქონება ისეთი სანდო, როგორიც იყო და აშშ-ის მაგალითი ამას ცხადყოფს. ოქროს ფასიც შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ არა კატასტროფულად. ყველაზე უკეთესი დანაზოგი დივერსიფიცირებაა, ანუ როცა ადამიანს აქვს დოლარიც, ევროც, ოქროც, უძრავი ქონებაც და სხვ. თუ ოქროს არ მივიღებთ მხედველობაში, ვფიქრობ, დოლარს ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს.
– უნდა გაიაფებულიყო თუ არა იმპორტული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე?
-ჩვენში რამდენიმე ტიპის პროდუქციაზე ფასების დინამიკა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგალითისთვის, ბენზინის ფასების დინამიკა. სრულყოფილი ბაზარი და სრულყოფილი კონკურენცია არ არსებობს. არიან ფირმები, რომლებსაც შეუძლიათ, ბაზარს ფასი უკარნახონ. ამიტომ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ბაზარზე ხშირად უკუღმა აისახება.
ციფრების ენით
-საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard&Poor’s-მა ევროზონის ეკონომიკური ზრდის 2011 წლის პროგნოზი შეამცირა (1,9%-დან 1,7%-მდე), თუმცა ევროზონაში ახალი რეცესიის დაწყებას არ ელის.ბინეს. ის გახდა პირველი გამარჯვებული ქალი დაკარის რალიში.
-1970 წელს ოქროს ფასი $35 იყო, ახლა კი $1900-ია
Leave a Reply
You must be logged in to post a comment.