We’ll Give You Weapons, but Take Care of Your Democracy First

<--

აშშ-ის სენატში რამდენიმე დღის წინ მოეწყო ატლანტიკური საბჭოს დროებითი ჯგუფის მომზადებული დოკუმენტის – “საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოლიტიკური საგზაო რუკის” პრეზენტაცია.

ანალიტიკური დოკუმენტის შემდგენელი ამერიკელი სენატორები თვლიან, რომ ფორმალური უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში, აშშ-მა საქართველოს სამხედრო დახმარების საქმეში სამი ძირითადი ნაბიჯი უნდა გადადგას: შეიმუშაოს ქართული არმიის მოსამზადებელი პროგრამა კოალიციის ოპერაციებში მონაწილეობისათვის; მხარი დაუჭიროს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის საწვრთნელი ცენტრის შექმნას და საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისას პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის ტრანზიტისთვის აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრი, რათა მომავალში იგი ცენტრალური აზიის მიმართულების მთავარ ბაზად იქცეს.

ამ სამი პუნქტიდან პირველი, ფაქტობრივად, ხორციელდება, რადგან საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ავარჯიშებენ ავღანეთში გასაგზავნ კონტინგენტს.

NATO-ს პროგრამის – “პარტნიორობა მშვიდობისათვის” – ფარგლებში საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მის ბაზად შეიძლება გამოდგეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაც, რომელსაც უკვე მიღებული აქვს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის სერტიფიკატი.

რაც შეეხება დიდი ლოჯისტიკური ცენტრის შექმნას, ეს შეიძლება არცთუ შორეული მომავლის საქმე იყოს, რადგან დაგეგმილია, რომ 2014 წლამდე ამერიკული ჯარების და შეიარაღების ავღანეთიდან გამოყვანა უნდა დამთავრდეს. ლოჯისტიკური ცენტრის მუშაობა აუცილებლად მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე პენტაგონის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას.

თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ ირიბად თუ ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი სამი პუნქტიდან არც ერთი არ ითვალისწინებს საქართველოში აშშ-ის საბრძოლო დანაყოფების (პირველ რიგში – საჰაერო თავდაცვის) გამოგზავნას.

ამასთან, დოკუმენტის შემმუშავებელი სენატორები არ მალავენ, რომ საქართველოს ნამდვილად ემუქრება საფრთხე და აშშ-ს შეეძლება, თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღებით მოამარაგოს ქართული არმია.

თუკი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ამ სენატორების მსგავსად იფიქრებდნენ, პრობლემა არ იქნებოდა ქართული არმიის მომარაგება საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებით, რომელსაც პირველ ეტაპზე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებიც ჩამოჰყვებოდნენ.

ასეთ შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოება რამდენჯერმე გაიზრდებოდა, ეს კი შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა იმ რუსეთის არმიისთვის, რომლის უმაღლესი მთავარსარდალი მალე ისევ პუტინი გახდება.

ამასთან ერთად, ამ ანალიტიკურ დოკუმენტში ამერიკელი სენატორები ძალზე მნიშვნელოვან და ყურადსაღებ მოთხოვნებს უყენებენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას – საქართველომ უნდა გააძლიეროს პარლამენტის როლი, დამოუკიდებელი გახადოს სასამართლოები, არ შეზღუდოს მასმედიის თავისუფლება და რაც მთავარია, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც დემოკრატიულად ჩაატაროს…

About this publication